ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-ს ლუკა ჩხიკვიშვილის ახლობლები უყვებიან, ბიჭს ძვალი ჰქონდა გატეხილი და შესაბამისი ოპერაცია იყო ჩანიშნული. ისინი ექიმების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
“ოჯახის პოზიცია ისა, რომ ყველა პასუხს აგებს. ბავშვი ახლა ექსპერტიზაზეა და არავის შერჩება ის, რაც ჩაიდინეს. ლუკა რომ შეიყვანეს საოპერაციოში, ნარკოზის შეყვანის შემდეგ რეაქცია მოხდა, როგორც ვიცით. საოპერაციოში რა გააკეთეს, დანამდვილებით არ ვიცით. ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო. ექიმები გაიპარნენ. წინასაოპერაციო კვლევებიც ჩაუტარეს, მაგრამ რა კვლევები ზუსტად არც ეგ ვიცით. ერთი ძვალი ჰქონდა გატეხილი, ჯანმრთელი ბავშვი დაღუპეს” – ამბობს მოზარდის ახლობელი.
ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ლუკა კვირას სტადიონზე წაიქცა და ხლეი მოიტეხა.
“დღეს დილით, 7 საათზე გავიგეთ ეს მძიმე ამბავი. ლუკას დამ დადო სტატუსი და ასე შევიტყვეთ. სხვა არაფერი ვიცით ჯერჯერობით. ლუკა ჩხიკვიშვილი ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. ბავშვი ჰყავდათ ხელის საოპერაციოდ ბათუმში, იაშვილის კლინიკაში წაყვანილი. წუხელ დედამ ჩატში დაწერა, რომ ბავშვს ბათუმში, იაშვილის კლინიკაში ხელის ოპერაციას ვუკეთებთო, რამდენიმე საათში შეიყვანენ საოპერაციოდო. ყველამ, რა თქმა უნდა, თანადგომა გამოვუცხადეთ და ვუსურვეთ ჯანმრთელობა.
ამ დილით, 7 საათზე გავიგეთ მომხდარი, დამ სურათი დადო, ჩემი ძმა აღარ მყავსო. ბავშვი ჯერ ჩამოსვენებული არ არის და არ ვიცით დეტალები. ერთი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა. კვირას წაქცეულა სტადიონზე, თამაშობდა ბავშვებთან ერთად, უბანში რომ სტადიონია იქ და ხელი მოიტეხა. სხვა ვერაფერს გეტყვით. მეშვიდე კლასელია, ანგელოზივით ბავშვი, ძალიან მოწესრიგებული, კარგი მშობლების შვილი პატრონი, ძალიან კარგი ბავშვი. დიდი ტრაგედია. ძალიან გთხოვთ, მეტი არ შემიძლია გითხრათ” – ამბობს ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორიეთერ წილოსანი.










